ყველაზე ცნობილი მხატვრები

ამადეო მოდილიანი


ამედეო კლემენტ მოდილიანი (იტალ. Amedeo Clemente Modigliani; დ. 12 ივლისი, 1884, ლივორნო, იტალია — გ. 24 იანვარი, 1920, პარიზი, საფრანგეთი) — იტალიელი მხატვარი და მოქანდაკე. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი, ექსპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ამედეო (იედიდია) მოდილიანი დაიბადა ებრაელ-სეფარდების ფლამინგო მოდილიანისა და ევგენია გარსენის ოჯახში, ლივორნოში (ტოსკანა, იტალია). იგი ყველაზე უმცროსი შვილი იყო ოჯახში (მეოთხე). ამადეოს დაბადებამდე, ოჯახის საქმეები (შეშითა და ნახშირით) ვაჭრობა დაეცა; ამედეოს დედას, რომელიც ჩამოვიდა საფრანგეთიდან უწევდა ცხოვრებისათვის ფულის მოპოვება ფრანგული ენის სწავლითა და თარგმანებით, მათ შორის გაბრიელე დ ’ანუციოს ნაწარნოების თარგმნით. რადგანაც ევგენია წარმოშობით იყო მარსელიდან, მოდილიანიმ ფრანგული ენის შესაწავლა დაიწყო ადრეულ ბავშვობაში, რამაც შემდეგ გაუადვილა ინტეგრაცია პარიზში. ითვლება, რომ დედის რომანტიულმა ნატურამ იქონია უდიდესი ზეგავლენა ახალგაზრდა მოდილიანის მსოფლმხედველობაზე. დედამისის დღიური, რომელსაც იგი აწარმოებდა ამადეოს დაბადების შემდეგ, არის ერთერთი დამადასტურებელი წყარო მხატვარის ცხოვრებისა.

11 წლის ასაკში მოდილიანი დაავადდა პლევრიტით, ხოლო 1908 წელს – ტიფით, რომელიც იმ დროისათვის განუკურნებელი სენი იყო. ეს გახდა უკუქცევადი წერტილი მის ცხოვრებაში. მისი დედის მონათხრობით, ციებ-ცხელებისას მას აბოდებდა იტალიელი ოსტატების შედევრები, აგრეთვე აღმოაჩინა თავისი დანიშნულება-მხატვრის სახით. გამოჯანმრთელების შემდეგ მშობლებმა დართეს ამადეოს ნება მიეტოვებინა სკოლა რათა შეესწავლა ხატვისა და და ფერწერის გაკვეთილები ლივორნოს ხელოვნების აკადემიაში.

მოდილიანი აღიზარდა იტალიაში, სადაც შეისწავლა ანტიკური ხელოვნება და აღორძინების ეპოქის ხელოვანთა შემოქმედება. 1906 წლიდან კი გადავიდა პარიზში, სადაც გაიცნო ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორებიც იყვნენ პაბლო პიკასო და კონსტანტინ ბრინკუში, მათ დიდი გავლენა მოახდინეს მოდილიანის შემოქმედებაზე.

მოდილიანის მთავარი მემკვიდრეობა ძირითადად მოიცავს ნახატებს და ესკიზებს, მხოლოდ 1909-1914 წლებში მის ძირითად საქმიანობას სკულპტურა წარმოადგენდა. მისი ყველა ნაწარმოების მთავარი აზრი ადამიანია. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე პეიზაჟმა. ხშირად მოდილიანი დროს უთმობდა რენესანსის მიმდინარეობის წარმომდადგენლებს და იმ დროისთვის პოპულარულ აფრიკულ ხელოვნებას. მის შემოქმედებაში აღსანიშნავია ისეთი თანამედროვე მიმდინარეობები, როგორიცაა კუბიზმი და ფოვიზმი. მოდილიანის ცხოვრების პერიოდში მისი შემოქმედება არ გახდა პოპულარული, მისმა ნამუშევრებმა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოიპოვა წარმატება.
მოდილიანის სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ხშირად ავადმყოფობდა, რის შედეგად, 1920 წლის 24 იანვარს 35 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით.

მოდილიანის შემოქმედება




წყარო : http://ka.wikipedia.org/

პაბლო პიკასო



პაბლო რუის ი პიკასო (ესპ. Pablo Ruiz y Picasso; დ. 25 ოქტომბერი, 1881, მალაგა, ესპანეთი ― გ. 8 აპრილი, 1973, მუჟენი, საფრანგეთი), ესპანელი მხატვარი და სკულპტორი. მე-20 საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგერთად კუბიზმის დამფუძნებელი.
სწავლობდა მამასთან, ხ. რუისთან, ლა-კორუნიეს (1894-95), ბარსელონის (1895-იდან) და მადრიდის (1897-98) ნატიფი ხელოვნების სკოლებში. 1904-იდან თითქმის მუდმივად პარიზში ცხოვრობდა. 1900-იან წლებში უკვე შეიქმნა თავისი პირველი მნიშვნელოვანი ე. წ. „ცისფერი პერიოდისა“, 1901-04, და „ვარდისფერი პერიოდის“, 1905-06 ნამუშევრები. მათში არის გადმოცემული ღატაკთა და მიუსაფართა (ბრმები, მათხოვრები, მაწანწალები) ტრაგიკული მარტოობის განწყობილება. მომდევნო წლებში კომედიანტთა სახეებში მხატვარმა გვიჩვენა ადამინსა და სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ტრაგიზმი, მოგვცა სახეთა სოციალურ-ფსიქოლოგიური დახასიათება „მოხუცი მათხოვარი ბიჭთან ერთად“ 1903; „გოგონა ბურთზე“ 1905, ორივე — ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმშია მოსკოვში. 1907-იდან პაბლომ კავშირი გაწყვიტა მსოფლიო ფერწერის რეალისტურ ტრადიციებთან, თუმცა ამის შემდეგაც იგი ბევრჯერ დაუბრუნდა რეალიზმს და კლასიკურად შეუხამა იგი ავანგარდიზმს ყველაზე უკიდურეს ექსპერიმენტებს. პაბლომ ძალზედ მტკივნეულად განიცადა ბურჟუაზიული საზოგადოების კრიზისი; კაპიტალიზმის პირობებში მხატვარი ვერ ხედავდა ძალას, რომელიც წინ აღუდგებოდა ამ საშიშ სინამდვილეს. ამ პერიოდში პაბლომ ჟ. ბრაკთან ერთად შექმნა ახალი მიმდინარეობა — კუბიზმი. დანაწევრებული სიბრტყის კომბინაციებით მხატვარი უარყოფს რეალურ სინამდვილეს. იგი არღვევს საგნების გრძნობად-მხედველობით სახეებს, თუმცა კუბიზმის პერიოდის ზოგიერთი ნამუშევარი მოკლებული არ არის დახვეწილ დეკორატიულობას და ემოციურ ჟღერადობას „ქალი მარაოთი“ 1909 ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი მოსკოვი.
10-იანი წწ. შუა ხანაში პაბლოს შემოქმედებას ახასიათებდა ძიება ფაქტურისა სფეროში „აპერატივის ბოთლი“, კოლაჟი, 1913 და დეკორატიულობის „სამი მუსიკოსი“, 1921, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი. კუბიზმის დამამთავრებელ პერიოდში პაბლოს შემოქმედებაში შეიჭრა ნეოკლასიცისტური ტენდეციები ე. წ. ნეოენგრიზმი, რომლითაც გამოხატულება პოვეს ისეთ ნამუშევრებში, როგორიცაა „სამი ქალი წყაროსთან“, 1922, სამხატვრო მუზეუმი, ბალტიმორი და სხვა. ამ პერიოდის ნამუშევრებს ახასიათებს ზღაპრულ-იდილიური განწყობილება. 10-იანი წწ. დასასრულს მხატვარმა შექმნა თანამედროვე ადამიანთა რეალური სახეები, ნახატები „მეთევზე“, ფანქარი, 1919, „გლეხები დასვენების დროს“, კალამი, 1919. 20-30-იანი წწ. ნამუშევრები მკვეთრად განსხვავდება ამ ნაწარმოებისგან, ისინი სურეალიზმს უახლოვდებიან „ცეკცა“, 1925, კერძო კუთვნილება; „ქალი პლაჟზე“, 1930, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი.

30-იანი წწ. II ნახევრიდან პაბლოს შემოქმედებაში თანდათან უფრო ჩანს თანამედროვე მოვლენათა გამოძახილი. მხატვრის რეაქციამ ძალმომრეობაზე, ხალხის ტკივილმა და ტანჯვამ მის სურათებში პროტესტის სახე მიიღო „მტირალი ქალი“, 1937, პენროუზის კორექცია, ლონდონი; „კატა და ჩიტი“, 1939, კერძო კუთვნილება. ამ დროიდან მკაფიოდ გამოიკვეთა მხატვრის საზოგადოებრივი პოზიცია, იგი სახალხო ფრონტის გამოჩენილი მოღვაწე გახდა საფრანგეთში, აქტიურად ებრძოდა ფაშიზმს ესპანეთში 1936-39. ამ პერიოდში შექმნილ სურათებში ჯერ კიდევ იგრძნობა სუბიექტივიზმი; ამ სუბიექტივიზმის დაძლევის გზით მხატვარმა შექმნა პროგრსული ნაწარმოებები: „გენერალ ფრანკოს ოცნება და სიყალბე“ აკვანტიტა, 1937. ფაშიზმის წინააღმდეგ მძაფრი პროტესტითაა გაჟღენთილი პანო „გერნიკა“ 1937, პრადო, მადრიდი, სადაც ექსპრესია უმაღლეს მწვერვალზეა აყვანილი. 1944-იდან იყო საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი.

II მსოფლიო ომის წლებში 1939-45 პაბლო დარჩა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. ომის შემდეგ მხატვარი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლთა მოწინავე რიგებში ჩადგა. მისი ჰუმანისტური მსოფლმხედველობა კარგად გამოჩნდა ნამუშევრებში: „მშვიდობის მტრედი“ ტუში, 1947, რომელიც მშვიდობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა; „ომი და მშვიდობა“ 1952, „მშვიდობის ტაძრის“ კაპელა ვალორისში. 40-იანი წწ. II ნახევრიდან პაბლოს შემოქმედება განსაკუთრებით მრავალმხრივია: მუშაობდა როგორც მოქანდაკე „კაცი კრავთ“, ბრინჯაო, 1944, სტატუა ვალორისში, კერამიკოსი დაახლოებით 2000 ნაკეთობა, გრაფიკოსი ნახატები, ოფორტები, ლინოგრავიურები, ლითოგრაფიები და სხვა; შეიქმნა სერიები ნახატებისა და ლითოგრაფიების ციკლი „ადამიანური კომედია“, 1953-54 და სხვა. ისევ მიმართა საყვარელ თემებს ცირკი, კორიდა, ანტიკური მითოლოგია. დიდი ადგილი უჭირავს მხატვრის შემოქმედებაში ქალის პორტრეტს.

პაბლოს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ხელოვნებაზე. მხატვრის მოღვაწეობა აღსავსეა წინააღმდეგობებით; მოწინავე საზოგადოებრივი მისწრაფებები და თანამედროვე ბურჟუაზიული ხელოვნება კრიზისი ერთდროულად აისახა მის შემოქმედებაში. მხატვარმა რთული გზა გაიარა. იგი მდამ გრძნობდა ეპოქის მტკივნეულ პრობლემებს, იბრძოდა პროგრესული იდეალებისათვის.

1950 პაბლოს აირჩიეს მშვიდობის მსოფლიო საბჭოში, არის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის 1950 და „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის“ საერთაშორისო ლენინური 1962 პრემიის ლაურეატი.

პიკასოს ნახატები




წყარო: http://ka.wikipedia.org/


ვინსენტ ვან გოგი 



ვინსენტ ვილემ ვან გოგი (Vincent Willem van Gogh) (დ. 30 მარტი. 1853, გროტ-ზიუნდერტი, ჰოლანდია — გ. 29 ივლისი. 1890, ოვერ-სიურუაზი, საფრანგეთი), ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი.
1869-76 სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა ჰააგაში, ბრიუსელში, ლონდონსა და პარიზში, 1876 მასწავლებლობდა ინგლისში. შეისწავლა თეოლოგია და 1878 - 79 მოძღვრად იყო ბორინაჟში (ბელგია), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას. მშრომელთა ინტერესების დაცვის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ეკლესიის მესვეურებთან. 27 წლისამ გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელისა (1880 - 81) და ანტვერპენის (1885 - 86) სამხატვრო აკადემიაში. 1881-85 ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლისამ მუშაობა დაიწყო ფერწერაში. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით გამსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდების სერიაში ("გლეხის ქალი", 1885, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო; "კარტოფილის მჭამელები", ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი). ვან გოგი ანვითარებდა XIX საუკუნის კრიტ. რეალიზმისა და განსაკუთრებით ჟ. ფ. მილეს შემოქმედებით ტრადიციებს.

1886 - 88 ვან გოგი ცხოვრობდა პარიზში, სადაც თავისი ძმის თეო ვან გოგის დახმარებით გაეცნო ქალაქის სამხატვრო ცხოვრებას (თეო ვან გოგი, პარიზის ერთ-ერთი გალერეის დირექტორი, მთელი ცხოვრების მანძილზე მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა ძმას ). პარიზში ვან გოგი კერძო სტუდიაში სრულყოფდა ხატვის ტექნიკას. ითვისებდა იმპრესიონისტების (კ. მონე, კ. პისარო, ა. სისლეი) პლენერულ ფერწერას და სწავლობდა იაპონურ გრავიურას. დაუახლოვდა ა. ტულუზ-ლოტრეკსა და პ. გოგენს. ამ დროიდან ვან გოგის პალიტრაზე მუქი ფერები კაშკაშა და მოციმციმე ცისფერმა, ოქროსფერმა და წითელმა ტონებმა შეცვალა. ფუნჯის მონასმი უფრო თამამი და დინამიკური გახდა ("ხიდი სენაზე", 1887, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი და სხვ.).

1888 ვან გოგი სამუშაოდ გაემგზავრა საფრანგეთის სამხრეთ პროვინციაში, არლში, სადაც ინტენსიურად და ნაყოფიერად მუშაობდა, ხატავდა ნატურიდან. არლის პერიოდის დასაწყისშივე ჩამოყალიბდა მისი მხატვრული ენა - საკუთარი ემოციური განწყობილებით გადმოეცა ნატურა, მოვლენა, თუ საგანი. მხატვარი მიმართავდა ფერების კონტრასტულ შეხამებას და პასტოზურ მონასმებს. სამხრეთის მზით განათებულ მოციმციმე პეიზაჟებში ("მკა. ლაკროს ველი", "მეთევზეთა ნავები სენტ-მარიში", ორივე 1888, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი) ჩანს ჰარმონიის, მშვენიერებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვა; იმავე დროს ვან გოგი ქმნის სიმარტოვითა და უმწეობით დატანჯულ ადამიანთა ტრაგიკულ სახეებს ("ღამის კაფე", 1888, კერძო კოლექცია, ნიუ-იორკი). ფერის დინამიკა და გრძელი მონასმები ვან გოგის ტილოებზე დიდ ცხოველმყოფელობას ანიჭებს არა მარტო ადამიანს და მის გარემომცველ ბუნებას ("წითელი ვენახები არლში", 1888, ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), არამედ უსულო საგნებიც ("ვან გოგის საწოლი ოთახი არლში", 1888, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი).

80-იანი წლების ბოლოს მხატვარი ფსიქიკურად დაავადდა, რასაც მოჰყვა კონფლიქტი მასთან სტუმრად ჩამოსულ გოგენთან. ვან გოგი იწვა ჯერ არლის, შემდეგ კი სენ-რემისა (1889 - 90) და ოვერ-სიურ-უაზის (1890, სადაც თავი მოიკლა) საავადმყოფოში. ვან გოგის ბოლო 2 წლის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ფერთა შეხამების, რიტმის და ფაქტურის უკიდურესად გამძაფრებული ექსპრესია, განწყობილებათა მკვეთრი ცვალებადობა. სასოწარკვეთილებას ("მრადისობის კარიბჭესთან", 1890, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო) და აღგზნებულ ვიზიონერულ იმპულსებს ("კიპარისებიანი და ვარსკვლავებიანი გზა", 1890, იქვე) ენაცვლება ნატურის მშვიდი და მთრთოლვარე შეგრძნება ("ოვერი წვიმის შემდეგ", 1890). სიცოცხლისა და ადამიანების სიყვარულით გამსჭვალულ ვან გოგის შემოქმედებაში ნათლად აისახა ევროპული კულტურის ისტორიის რთული და გარდამავალი პერიოდი. სულიერ ფასეულობათა მტკივნეულმა ძიებამ, რაც განსაცვიფრებელი სიწრფელით გამოვლინდა მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებაში (მ.შ. წერილებშიც), ტრაგიკულმა პათოსმა განსაზღვრა ვან გოგის ადგილი პოსტიმპრესიონიზმის ხელოვნებაში, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი თვითონ იყო.


ვან გოგის ნახატები

"კარტოფილის მჭამელები"


                                                                         "მზესუმზირები"


                                                                      "ღამის კაფე"

წყარო: http://ka.wikipedia.org/

No comments:

Post a Comment